უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს

უკრაინის 47-ე ბრიგადის სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქში, 2023 წლის ივლისი.
David Guttenfelder for The New York Times

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინელმა მცველებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს. ამის შესახებ მალიარი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს.

"უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი მცველები პოზიციებზე მაგრდებიან.

შეტევა გრძელდება". - წერს მალიარი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრიი კოვალოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის ფრონტებზე.

ამასთანავე, უროჟაინოესთან მიღწეული წარმატებების შესახებ ცნობებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ზედიზედ უკვე რამდენიმე დღეა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა დასახლება სტარომაიორსკე გაათავისუფლეს.

14 აგვისტოს ანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინელმა მცველებმა გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის ფრონტზე სამი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ მცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში, სამხრეთ ფრონტზე და მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლა ჰქონდათ. 

15 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა, ანდრიი კოვალოვმა თქვა, რომ მცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში და პოზიციებს ამაგრებდნენ.

კომენტარები