მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვის მოთხოვნით ქვეყანა 22-მა რუსმა დიპლომატმა დატოვა

რუსეთის საელჩო კიშინიოვში
REUTERS/Viktor Dimitrov/File Photo

14 აგვისტოს მოლდოვა 22 რუს დიპლომატს დაატოვებინეს. მოლდოველი ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის საელჩოში მომუშავე პირების რაოდენობის 80-დან 25-მდე შემცირების გადაწყვეტილება მოსკოვში მოლდოვის საელჩოში დასაქმებულების რაოდენობასთან შესაბამისი თანაფარდობისთვის მიიღეს.

მოლდოვის მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ ტოვებენ დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები ქვეყანას. ისინი ორი ავტობუსით აეროპორტამდე მიიყვანეს, საიდანაც თავდაპირველად სოჭში, შემდეგ კი მოსკოვში ჩაფრინდნენ.

დიპლომატებთან ერთად მოლდოვამ ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წევრიც გააძევა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, 15 აგვისტოდან საელჩოში მუშაობის უფლება მხოლოდ 10 დიპლომატს და 15-კაციან ტექნიკურ პერსონალს ექნება.

14 აგვისტოს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვიდან გამოძევებული თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები უკვე მოსკოვში არიან.

"ოფიციალური კიშინიოვის ამ არამეგობრულ ნაბიჯს აუცილებლად ექნება შედეგები რუსეთ-მოლდოვას ურთიერთობებში". - ამბობენ სამინისტროში.

მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოში დასაქმებულების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება ივლისში მიიღო და ამის შესახებ რუსეთსაც აცნობა.

კომენტარები