საქსტატი

საქსტატი: საარსებო მინიმუმი გასულ თვესთან შედარებით 4 ლარით და 70 თეთრით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისთან შედარებით 4 ლარით და 70 თეთრით შემცირდა, დღეს ის 249 ლარსა და 80 თეთრს შეადგენს და მიმდინარე წლის საარსებო მინიმუმის ყველაზე დაბალ ნიშნულს წარმოადგენს.

საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება და ის ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დონესთან. 

საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულება გამოიანგარიშება შემდეგი წესით: საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში სასურსათო კალათის შემადგენელი პროდუქტისათვის დგინდება საშუალო ფასი, ხსენებული ქალაქების გასაშუალოებული ფასების დათვლის შედეგად მიღებული შედეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტების საშუალო ფასს წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კომენტარები