15 წელი აგვისტოს ომიდან

მედვედევი აგვისტოს ომზე: 2008 წელს აშშ-ს და მის ვასალებს გამოცდილება არ ეყოთ

დმიტრი მედვედევი

აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ექსპრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წელს "აშშ-ს და მის ვასალებს აშკარად გამოცდილება არ ეყოთ".

"ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა გადაჭრით უპასუხა მზაკვრულ თავდასხმას ცხინვალზე და უხეშად მოიგერია აგრესორი. ჭკუასუსტი სააკაშვილის ზურგს უკან კოლექტიური დასავლეთი იდგა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა სიტუაციის არევას უშუალოდ რუსეთის საზღვართან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა 5 დღის განმავლობაში, სწრაფად და მკაცრად დასაჯეს უსირცხვილო ნაციონალისტები. დაიცვეს მტრისგან ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მისცეს ახალ ხელისუფლებებს განვითარების საშუალება რუსეთის მხარდაჭერით". - წერს მედვედევი Telegram-ის პირად არხზე.

"აშშ და მისი ვასალები" მედვედევის სიტყვებით "დღესაც, სხვისი ხელებით აწარმოებენ ომს და ცდილობენ რუსეთის გაქრობას დედამიწიდან". 

"ჩვენს წინააღმდეგ პრაქტიკულად ღიად იბრძვის NATO-ს სრული სისტემა. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა, რათა გადავწყვიტოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანა. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები კვლავ განადგურდებიან და რუსეთი მიაღწევს მშვიდობას, საკუთარი პირობებით. გამარჯვება ჩვენი იქნება!". - წერს მედვედევი.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები