15 წელი აგვისტოს ომიდან

ზახაროვა აგვისტოს ომზე: რუსეთი იძულებული გახდა გაეტარებინა მშვიდობის იძულების ოპერაცია

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, მოახდინა მოღალატოებრივი თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. პარალელურად თავდასხმა განხორციელდა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ამ დანაშაულებრივმა ავანტიურამ გამოიწვია მსხვერპლი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასა და რუსს სამხედროებს შორის. ქართული აგრესიის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამომძიებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშში, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია. 26 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. უკანასკნელ წლებში ამ ქვეყნებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში". - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში კრემლი ზახაროვას პირით კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააფორმოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, ასევე მოახდინოს მათთან საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია.

"რუსეთი კვლავ დარწმუნებულია, რომ რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების შექმნის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ასევე მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია მათი შემდგომი დემარკირებით. აფხაზ და ოს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე პრაქტიკული მუშაობის დაწყებას, ხოლო ქართული მხარისგან უფრო კონსტრუქციულ მიდგომას ველით. უსაფრთხოების სფეროში სტაბილური შეთანხმებების მიღწევა რეგიონის სამივე ქვეყნის ინტერესებშია". - წერია განცხადებაში.

კომენტარები