"ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ ქვეყანაში ვერ იქნება, თუმცა, 200-მდეა" – სამინისტრო

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟება "შეუძლებელია". სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სულ 200-მდე ასეთი სისტემაა დაყენებული.

ტაბულა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით  - რა ეტაპზეა "ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა" - ეკონომიკის მოქმედი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დავითაშვილი 2018 წელს, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს ამბობდა, რომ "2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა" იქნებოდა.

"მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება 2014 წლიდან დავიწყეთ. სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე თითქმის 200-მდე გვაქვს დაყენებული. ის პროცესები, რაც განვითარდა, იყო ბევრი და ერთ სისტემას ეს არ შეუძლია. ამდენი სისტემა, რომ ამდენ ადგილას ყველაფერი დაიჭიროს, გამორიცხულია, რომ რომელიმე ქვეყანამ ეს შეძლოს. ამ სისტემების დაყენება შერჩევით ხდება. საქართველოში ყველგან არ არის დაყენებული და ვერც იქნება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვერ იქნება. ეს წარმოუდგენელ ფინანსურ რესურსს უკავშირდება. ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ ჯერ სრულფასოვანი არ არის და ყველგან არაა.

2014 წლიდან მოყოლებული, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 200-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური გვაქვს განთავსებული, აქედან 20 - რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშია, რომელიც ამინდის პროგნოზირებისა და მოსალოდნელი პროცესების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. განვათავსეთ ორი მაღალი გარჩევადობის მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას სრულად ფარავს და ასევე, მოსალოდნელი სტიქიების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს". - უთხრეს ტაბულას ლევან დავითაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

გარემოს დაცვის ყოფილმა და ეკონომიკის მოქმედმა მინისტრმა 2018 წელს, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს აღნიშნა, რომ "2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნლოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“.

2018 წლის 5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. მაშინ ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. 


2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, ეძებენ 16 მოქალაქეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნით, 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში კლდეზვავის მასა და მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, "როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, სტიქიის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო".

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15:15-ზე გაიშალა შოვის (ე.წ. კოტეჯების უბანი) ტერიტორიაზე - დაახლოებით, 26 ჰექტარზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია 8-10 წუთში. 

კომენტარები