ევროპული საბჭო

ევროსაბჭოს გენ. მდივანი: ვადასტურებთ ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისადმი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადების თანახმად, ევროპული საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო წარმომადგენლობას რეგიონში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

"მე ღრმად შეშფოთებული ვარ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, რომელიც კვლავ განიცდის კონფლიქტის საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში. მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავ სერიოზულად ირღვევა ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესის გამო, რომლის მომსწრეც ვიყავი ამ მხარეში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, 3 ივლისს. 

როგორც სახელმწიფო, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება, გამოასწოროს ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნას". - წერია განცხადებაში

ბურიჩის თქმით, ევროპის საბჭო მტკიცედ ერთგულია ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოების და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭო არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრაში.

"ამასთან ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგსა და ადამიანის უფლებების დაცვას ნდობის აღდგენის ზომების (CBMs) პროგრამის მეშვეობით. გავაგრძელებ ჩვენი 46 წევრი სახელმწიფოს რეგულარულად ინფორმირებას საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჩემი კონსოლიდირებული მოხსენების მეშვეობით". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები