ოკუპირებული აფხაზეთი

ზურაბიშვილი გმობს სოხუმის აეროპორტის გასხვისებას, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ელის

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ სოხუმის აეროპორტის გასხვისებისა და რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება. პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრ რეაქციას ელის. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"მკაცრად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას, სტრატეგიული ობიექტის, სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. [ეს არის] რუსეთის უკანონო ქმედება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კატეგორიული და მკაცრი რეაქცია სჭირდება". – წერს ზურაბიშვილი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა გასულ დღეს მხარი დაუჭირა მოსკოვთან 16 ივნისს გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაციას, 30 ხმა 2-ის წინააღმდეგ. შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის იურიდიულ პირებს შეეძლებათ 49 წლის განმავლობაში სოხუმის აეროპორტი გადაიბარონ და მართონ.

შეთანხმებით უკმაყოფილო არიან მარიონეტული ხელისუფლების ოპოზიციაში და მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის გადაცემა კონკრეტული ადამიანების ინტერესებში შედის.

ბჟანია: სანამ რუსეთთან ფრენების შეთანხმებაზე ვმუშაობდით, ფრენები საქართველოსთან განაახლეს

დოკუმენტის მიხედვით, ინვესტიციის საფასური სავარაუდოდ 6-10 მილიარდი რუბლი იქნება, გადასახადებისგან შეღავათიანი პერიოდი 25 წელი. უშუალოდ აეროპორტის გარდა, ინვესტორს, საჭიროების შემთხვევაში, გადაეცემა მისი მიმდებარე ტერიტორია და იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი, თავის მხრივ, ვალდებულია აეროპორტამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს და უზრუნველყოს ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგება. ასევე, ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ინვესტორი თავისუფლდება საბაჟო და მოსაკრებელი გადასახადებისგან ყველა სახის იმპორტირებულ პროდუქტზე მანამ, სანამ ობიექტი მის ექსპლუატაციაში იქნება.

მარიონეტი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია თვლის, რომ აეროპორტის აღდგენას დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება.

კომენტარები