რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ენტონი ბლინკენი 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით $400 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ბლინკენის განმარტებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, ჯავშანტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და ა.შ. 

ასევე, ბლინკენმა რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლისთვის გააკრიტიკა და დასძინა, რომ მოსკოვი უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე შეტევას გამიზნულად აგრძელებს. 

უკრაინელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, უკანასკნელ დღეებში ოდესაზე თავდასხმისას დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. განადგურდა, სულ მცირე, 25 არქიტექტურული ძეგლი და მნიშვნელოვნად დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. 

"რუსეთს უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანითა და უკრაინელ ხალხზე სასტიკი თავდასხმის შეწყვეტით ამ ომის ნებისმიერ დროს დასრულება შეუძლია. სანამ ეს არ მოხდება, აშშ და ჩვენი მოკავშირეები შეინარჩუნებენ ერთიანობას უკრაინის გვერდით იქამდე, სანამ მას ეს დასჭირდება". - თქვა ბლინკენმა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ პაკეტში შევა დამატებით საბრძოლო მასალები Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის, ჯაველინები და სხვა ჯავშანტექნიკის სისტემები, რაკეტები, Stryker-ის ტიპის 32 ჯავშანმანქანა, Stinger-ის საზენიტო კომპლექსები, სხვადასხვა მილიმეტრის და სახეობის ჭურვები და ა.შ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე აშშ-მ უკრაინას რუსეთთან ომისთვის $43.7 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.

კომენტარები