ისრაელი

ისრაელში სასამართლო რეფორმის კანონპროექტის მიღების შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

პროტესტი ისრაელში, 24 ივლისი 2023 წელი
REUTERS/Corinna Kern

ისრაელის სასამართლო რეფორმის კანონპროექტის მიღების შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, Reuters-ი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც მაგისტრალები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ქნესეთის წინ გადაკეტეს. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. 

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ 24 ივლისს შეტაკებებისას, სულ მცირე, 19 ადამიანი დააკავეს.

ამასთან, კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ კანონს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი თქვა, რომ  შეთანხმების მიღწევის მიზნით ოპოზიციასთან დიალოგს ნოემბრის ბოლომდე შეეცდება.

"ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ისრაელი უნდა დარჩეს ძლიერ დემოკრატიად, რომ მან უნდა გააგრძელოს ინდივიდუალური უფლებების დაცვა, რომ ის არ გახდება ებრაული კანონის სახელმწიფო, რომ სასამართლოები დარჩება დამოუკიდებელი". - თქვა ნეთანიაჰუმ

გუშინ, 24 ივლისს ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო.

კანონპროექტი 64 ხმით 0-ის წინააღმდეგ მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციამ საბოლოო კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ისრაელში უკვე რამდენიმე თვეა რაც სასამართლო რეფორმის ცვლილებას ათიათასობით ადამიანი მთელ ქვეყანაში აპროტესტებს. 

ისრაელის მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

კომენტარები