სასამართლო რეფორმა ისრაელში

ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პირველ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ისრაელი პოლიციამ არბევს დემონსტრანტებს, რომლებიც ქნესეთისკენ მიმავალ გზას ბლოკავენ
AP Photo/Mahmoud Illean

ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო.

კანონპროექტი 64 ხმით 0-ის წინააღმდეგ მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციამ საბოლოო კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ქნესეთში გამოსვლისას ამ გადაწყვეტილებას "ექსტრემალური უმცირესობის მიერ ისრაელის უმრავლესობის ხელში ჩაგდება" უწოდა.

ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა კი დეპუტატებს მიულოცა და უთხრა: "სასამართლო სისტემის გამოსწორების მიზნით ისტორიულ პროცესში ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით".

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დროს ქნესეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილნი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი მომიტინგე დაშავდა, ექვსი კი დააკავეს.

ისრაელში უკვე რამდენიმე თვეა რაც სასამართლო რეფორმის ცვლილებას ათიათასობით ადამიანი მთელ ქვეყანაში აპროტესტებს. 

ისრაელის მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

კომენტარები