გაგამარჯვების პლატფორმა

ვაშაძე: გამარჯვების პლატფორმის პრემიერობის კანდიდატს გამარჯვების შემდეგ დავასახელებთ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შექმნილი გაერთიანების, გამარჯვების პლატფორმის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მათი გამარჯვების შემდეგ დასახელდება.

"აბსოლუტურად მესმის, რომ ამ გამარჯვების პლატფორმიდან ელოდებიან პრემიერობის კანდიდატს და არა მხოლოდ. საკვანძო პოზიციებზე დავასახელებთ ხალხს, როცა გავიმარჯვებთ. რაც იქნება ხალხის დაკვეთა, იმ ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს, ამიტომ ვერთიანდებით, ხალხის დაკვეთა ხომ ეს არის, ნაბიჯი გადავდგით. რაც შეხება სხვა პარტიებს, რაც მეტი ერთიანობისკენ ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვამბობ მაინც და მაინც ჩვენთან, მით უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებაში ყველანი ერთად ვიქნებით". – თქვა გიორგი ვაშაძემ IPN-ის ცნობით.

20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი – გამარჯვების პლატფორმა შექმნეს. ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შეუერთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ "თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლების თქმით, თუ საჭირო იქნება, ისინი არჩევნებზე 5 ნომრით გამოსვლაზეც თანახმა იქნებიან.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი პლატფორმის შექმნას მიესალმა და ვაშაძესა და ხაბეიშვილის "ძალიან საინტერესო ლიდერები" უწოდა.

"გადავიდა ბნელ მხარეს" – რას ამბობდა სააკაშვილი ვაშაძეზე

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.


პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მანამდე სტრატეგია აღმაშენებლთან ალიანსში მყოფი დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაში ვაშაძე თავის თავს ხედავს ენმ-სთან, დროა კი – არა". 

ასევე აქამდე გაერთიანებაში მყოფი გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ კი აღნიშნა, რომ მისი პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს და გაერთიანებაზე საუბარს განიხილავენ ლელოსთან, დროასთან და ევროპულ საქართველოსთან. 

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინი არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდებიან.

კომენტარები