იგორ გირკინი

რუსეთში ულტრანაციონალისტი იგორ გირკინი დააკავეს

იგორ გირკინი

რუსული მედია РБК წერს, რომ ულტრანაციონალისტი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) დააკავეს.

მედია წერს, რომ ამის შესახებ მათ სამართალდამცავი ორგანოების ორმა წყარომ და გირკინის ადვოკატმა, ალექსანდრ მოლოხოვმა შეატყობინა.

ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლება გირკინი სახლიდან შუადღისთვის გაიყვანეს. მის სახლში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ჩხრეკას ატარებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ის დააკავეს ყოფილი ვაგნერელის განცხადების გამო. გირკინის ტელეგრამ-არხზე მისმა ცოლმა, მიროსლავ რეგინსკამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სახლში არ იყო, როდესაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. მისი თქმით, ქმრის მეგობრებისგან გაიგო, რომ გირკინი ეჭვმიტანილია ექსტრემიზმში.

გირკინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ასევე, ითხოვდა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. ის დაპირისპირებული იყო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან და მის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთანაც. გასულ თვეებში მან შექნმა მოძრაობა გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი.

გირკინი უკმაყოფილო იყო გავრცელებული ცნობით, რომ ვაგნერელები ანაპის სასტუმროში განათავსეს. ულტრანაციონალისტის მიერ მოქირავნეთა ჯგუფის კრიტიკით უკმაყოფილო იყო გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბის ზოგიერთი წევრი, რომლებიც გირკინს რიტორიკის შემსუბუქებისკენ მოუწოდებდნენ. გირკინი საპასუხოდ იმუქრებოდა, რომ კლუბს დატოვებდა. 

კომენტარები