რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ოდესაში რუსეთმა იერიში სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე მიიტანა

21 ივლისის თავდასხმის შედეგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს ცნობას, რომ გასულ ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საცავებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

როგორც ოპერაციული სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია გუმენიუკი ამბობს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმისთვის კალიბრის ტიპის რაკეტები გამოიყენეს. პრესსპიკერის თქმით, ოკუპანტების მიზანი მარცვლეულის მარაგის განადგურება იყო. მისივე თქმით, დაზიანდა საცავი და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგია.

გუმენიუკის თქმით, რაკეტები ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რის გამოც ისინი გვიან დააფიქსირეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ორი რაკეტის დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია დაიწყო, როცა მესამე რაკეტაც ჩამოვარდა.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ კიპერის თქმით, დაშავდა ორი ადამიანი.

რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტზეც, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

წარსულში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები, მათ შორის საზღვაო დრონების გამოყენებით, ოდესის პორტიდან, მარცვლეულის შეთანხმების დარღვევით, მიჰქონდათ.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

რუსეთმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ კიევს პასუხს გასცემდნენ. მომდევნო დღეს რუსეთმა საპორტო ქალაქ ოდესაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა.

კომენტარები