ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

პუტინი სამხრეთ აფრიკაში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად არ ჩავა

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 2019 წელს ბრაზილიაში გამართულ BRICS-ის სამიტზე
Eraldo Peres/Associated Press

19 ივლისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი იოჰანესბურგში გასამართ BRICS-ის სამიტს არ დაესწრება.

"ორმხრივი შეთანხმებით, პრეზიდენტი პუტინი სამიტს არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს". - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 18 ივლისს გავრცელდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას სიტყვები, რომ პუტინის დაკავების შემთხვევაში მისი ქვეყანა რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე დადგება.

"რუსეთთან ომში ჩართვის გარისკვა ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება". - დასძინა პრეზიდენტმა.

რამაფოსამ გაფრთხილება სასამართლოსთვის ფიცით მიცემულ 32-გვერდიან წერილობით ჩვენებაში დაწერა. პროცესი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც სამხრეთ აფრიკის წამყვანი ოპოზიციური პარტიის, დემოკრატიული ალიანსის (DA) წევრებმა ქვეყნის აღმასრულებელი დედაქალაქის, პრეტორიას სასამართლოს პეტიციით მიმართეს, რათა პუტინი აგვისტოში BRICS-ის სამიტზე ჩამოსვლის შემთხვევაში დაეკავებინათ და ICC-ისთვის ჩაებარებინათ.

ჩვენებაში რამაფოსა ამტკიცებდა, რომ პუტინის დაკავების შემთხვევაში სამხრეთ აფრიკა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობოს როლსაც დაკარგავს. აფრიკის სამშვიდობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტიც შედიოდა, უკრაინაში ივნისის თვეში ჩავიდა. თუმცა, უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, დელეგაციის მიზანი არა რეალური სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობების განხილვა, არამედ პუტინის დაკავების ორდერის შეჩერება იყო.

სამხრეთ აფრიკა, რომელიც რომის სტატუტის წევრია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ მისი დაპატიმრების ვალდებულება ეკისრება, BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის შეშვების და მისი დაკავების თავიდან აცილების სხვადასხვა გზას განიხილავდა.

მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა 21 აპრილს რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვებიც კი დაიწყო. მაისის ბოლოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკა აპირებდა კანონის შეცვლას, რათა თავად გადაეწყვიტა დააკავებდა თუ არა ICC-ის მიერ ძებნილ პირებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინს.

გასულ კვირას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის მოადგილემ, პოლ მაშატილემ თქვა, რომ პუტინის დაკავების თავიდან ასაცილებლად ქვეყანამ სამიტის ვირტუალურად გამართვის, ან ჩინეთში გადატანის შესაძლებლობებიც განიხილა, თუმცა სამიტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებმა შეთავაზებებზე უარი თქვეს.

BRICS-ის სამიტი ბლოკში გაწევრიანებული ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის - კავშირების გამყარებას ისახავს მიზნად. წელს სამიტი 22-24 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები