პაპილომა ვირუსი

პაპილომა ვირუსზე უფასოდ აცრა 10-12 წლის ბიჭებსაც შეეძლებათ

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ბიჭებისთვისაც ხდება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ბრძანებით, რომელიც 13 ივლისს გამოიცა, ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარში უკვე შევიდა. 

აცრების ეროვნული კალენდარი იმ ინფექციური დაავადებების სიაა, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრები და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და იმუნიზაციის მართვის წესებია განსაზღვრული. 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აცრა ტარდება 10-12 წლამდე გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი. 


იანვარში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის უფასოდ იქნებოდა ხელმისაწვდომი.

პაპილომა ვირუსის ვაქცინა ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლიდან აპვ ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. ხოლო, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში მეორე რაუნდის ჩატარება. 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია. 

 ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:

  • 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით (გოგონებისა და ბიჭებისთვის);
  • 13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
  • ეროვნული პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის. 

 

კომენტარები