ხელოვნური ინტელექტი

ChatGPT-ის ალტერნატივის შესაქმნელად მასკმა AI-ზე მომუშავე ახალი კომპანია დააარსა

Business Insider 

OpenAI-სთვის კონკურენციის გასაწევად და მისი ჩატბოტის, ChatGPT-ის ალტერნატივის შესაქმნელად, ილონ მასკმა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ახალი კომპანია, xAI დააფუძნა.

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და Twitter-ის მფლობელი მასკი ახალ კომპანიას თავად უხელმძღვანელებს, გუნდში კი ის ინჟინრები ეყოლება, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე აქამდე იმ კომპანიებში მუშაობდნენ, რომლების პროდუქტის ალტერნატივის შექმნასაც ახლა მილიარდერი ისახავს მიზნად.

მასკმა, რომელიც OpenAI-ის თანადამფუძნებელია და საწყის ეტაპზე სტარტაპის აქტიური მხარდამჭერი იყო, ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარებასთან დაკავშირებით, რასაც მისი აზრით "ცივილიზაციური განადგურების" გამოწვევა შეუძლია, არაერთხელ გამოხატა შეშფოთება და AI-ზე მომუშავე კომპანიების საქმიანობის დაპაუზებაც მოითხოვა.

მასკმა ასევე ივარაუდა, რომ მსგავს პირობებში ხელოვნური სუპერინტელექტი, რომელიც ადამიანზე ჭკვიანი AI-ა, 5-6 წელიწადში გამოჩნდება.

ამის გათვალისწინებით, საკუთარი ნაბიჯის გასამართლებლად მილიარდერმა თქვა, რომ მისი კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხო იქნება და AI-ში მორალის დაპროგრამების ნაცვლად xAI "მაქსიმალურად ცნობისმოყვარე" ხელოვნური ინტელექტის შექმნას შეეძლება.

"თუ ის შეეცდება სამყაროს ჭეშმარიტი ბუნების გაგებას, ეს იქნება საუკეთესო რამ, რაც მე შემიძლია მოვიფიქრო ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისთვის. იმ გადმოსახედიდან, რომ კაცობრიობა გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე არა-კაცობრიობა, ვფიქრობ, ეს კაცობრიობისთვის სასარგებლო იქნება". - თქვა მასკმა.

კომენტარები