საბერძნეთი-თურქეთი

თურქეთთან ურთიერთობის განახლებისთვის მზად ვართ – საბერძნეთის პრემიერმინისტრი

საბერძნეთის პრემიერმინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ს სამიტზე. ვილნიუსი, ლიტვა, 2023 წლის 12 ივლისი 
საბერძნეთის პრემიერმინისტრის ოფისი / Associated Press

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთი და თურქეთი ურთიერთობების განახლებისთვის მზად არიან. 

ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიცოტაკისმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთსაათიანი შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ქვეყნები მაღალი დონის ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 

"ჩვენი პრობლემები ჯადოსნური ჯოხით არ მოგვარებულა. მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობების განახლების შესახებ ჩემი და პრეზიდენტ ერდოღანის განზრახვა დაადასტურა". – თქვა მიცოტაკისმა. 

მიცოტაკისმა ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთისა და თურქეთის მთავრობის წევრები ზაფხულის დასასრულს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში შეხვდებიან. 

გარდა ამისა, საბერძნეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა, ნიკოს დენდიასმა და იასარ გულერმა, ოთხშაბათს, 12 ივლისს ვილნიუსში ცალკე შეხვედრა გამართეს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებად დათანხმდა და ამასთან, დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის, საბერძნეთთან დაძაბულობის შემცირების მზადყოფნა გამოთქვა. 

თურქეთსა და საბერძნეთს შორის უთანხმოების მიზეზი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან დაკავშირებული დავაა, რომელიც გავლენას ახდენს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია, წიაღისეულის მოპოვების უფლებები და სამხედრო ძალაუფლება. 

ამასთან, NATO-ს წევრი ორივე ქვეყანა საკუთარი საჰაერო ძალების გაუმჯობესებას ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ცდილობს – ანკარას აშშ-სგან F-16-ის ტიპს მოიერიშე თვითმფრინავების მიღება სურს, მაშინ როცა ათენს F-35-ის პროგრამასთან შეერთება სურს. 

კომენტარები