CNN: რუმინეთი უკრაინელი პილოტების F-16-ებზე მომზადებას აგვისტოსთვის დაიწყებს

რუმინეთის საჰაერო ძალების F-16

CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას, სავარაუდოდ, მომდევნო თვისთვის დაიწყებენ. ამავე ინფორმაციით, წვრთნებისთვის უკვე გამოყოფილია შესაბამისი საჰაერო ბაზა.

ამჟამად რუმინეთს გააჩნია 16 ერთეული F-16 და კიდევ 24 ერთეული 2024 წლისთვის ნორვეგიიდან ჩამოვა. 

წყაროს თქმით, მომზადების პროცესში შედის რუმინეთის თხოვნაც F-16-ის აფრენის სიმულატორთან დაკავშირებით, რომელიც ავიაგამანადგურებლების მწარმოებელი კომპანია Lockheed Martin-ისგან უნდა მიიღონ.

რუმინეთს ჰყავს 10 გამოცდილი რუმინელი ინსტრუქტორი, რომლებსაც თვითმფრინავის ფრენაზე 2 000 საათი აქვთ დახარჯული.

სავარჯიშო პროგრამის ხანგრძლივობა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ შედეგი 6 თვეში ექნებათ. 11 ივლისს რეზნიკოვმა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საწვრთნელ პირობებს უკრაინასა და 11-ქვეყნიან კოალიციას შორის. კოალიციაში შედიან დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

კომენტარები