ჩარლზ მენსონი

ჩარლზ მენსონის კულტის ყოფილი წევრი 53-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ჩარლზ მენსონის კულტის ყოფილი წევრი ლესლი ვან ჰუტენი 53-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

19 წლის ვან ჰუტენი ლოს-ანჯელესში, 1969 წელს სურსათის მაღაზიის გამყიდველისა და მისი ცოლის მკვლელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს. ის მკვლელობაში ბრალდებული ყველაზე ახალგაზრდა კულტის წევრი იყო. დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

ვან ჰუტენმა ხუთჯერ მოითხოვა შეწყალება და უარი მიიღო. ციხეში ყოფნისას კულტის ყოფილმა წევრმა ბაკალავრის და მაგისტრის წოდება მიიღო. მოგვიანებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ციხეში. ვან ჰუტენმა ციხე 11 ივლისს, 73 წლის ასაკში დატოვა, მას 3-წლიანი პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი.

"მას გრძელი გზის გავლა დასჭირდა, იმისთვის, რომ კულტის მენტალობა განეგდო და საკუთარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა აეღო. დეკადების განმავლობაში ის თერაპიას გადიოდა. დღეს, ის თავს დამნაშავედ გრძნობს". – განაცხადა ვან ჰუტენის ადვოკატმა.

1969 წლის ზაფხულში ჩარლზ მენსონის კულტმა დადასტურებულად 8 ადამიანი მოკლა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავი და რომან პოლანსკის ცოლი შერონ ტეიტი. ტეიტი მკვლელობის მომენტში 8 თვის ორსული იყო. კულტის ლიდერმა სიცოცხლის ბოლომდე არ გააკეთა განმარტება თუ რას ემსახურებოდა მკვლელობების სერია. ჩარლზს მენსონი პატიმრობაში, 2017 წელს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები