პრიგოჟინის ამბოხება

ბუდანოვი: 24 ივნისს ვაგნერის მებრძოლები რუსეთში ბირთვული იარაღის ბაზას მიუახლოვდნენ

Reuters-თან ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ მათი ინფორმაციით, ვაგნერის დაჯგუფების მებრძოლები სამხედრო გადატრიალების მცდელობისას რუსეთში, ვორონეჟის ოლქში ბირთვული იარაღის ბაზას მიუახლოვდნენ.

სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა 24 ივნისს დაიწყო, ვაგნერის მებრძოლები ჩრდილოეთით, მოსკოვისკენ მიემართებოდნენ. უკრაინული სამხედრო დაზვერვის თანახმად, მებრძოლთა ნაწილმა სვლა აღმოსავლეთისკენ გააგრძელა, სადაც რუსული სამხედრო ბაზა ვორონეჟ-45 მდებარეობს.

კირილო ბუდანოვის თქმით, ვაგნერის დაჯგუფების მებრძოლების მიზანი ბაზაზე არსებული საბჭოთა პერიოდის ბირთვულ იარაღზე წვდომის მოპოვება იყო, რათა გავლენა მოეხდინათ სამხედრო გადატრიალების დროს მათ პოზიციებზე. თუმცა, ბუდანოვის ინფორმაციით, მებრძოლებმა ვერ მოახერხეს ბაზის ტერიტორიაზე შესვლა.

Reuters-თან ინტერვიუში ბუდანოვმა არ გაასაჯაროვა მტკიცებულებები ან სხვა ინფორმაცია. კრემლთან აფილირებული სხვადასხვა წყარო Reuters-თან ადასტურებენ, რომ ვაგნერის დაჯგუფების მებრძოლები მართლაც მიუახლოვდნენ ვორონეჟ-45-ის ბაზას. 

კომენტარები