რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში დაბრუნებული აზოვსტალის მცველები საბრძოლო მოქმედებებში კვლავ ჩაერთვებიან

უკრაინაში დაბრუნებული აზოვსტალის მცველები პირობას დებენ, რომ ისინი ფრონტზე კვლავ წავლენ და ომში ჩაერთვებიან. ამის შესახებ აზოვის მეთაურმა დენის პროკოპენკომ ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა

"სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ჯარი გუნდური სამსახურია და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენს სიტყვას ომში აუცილებლად ვიტყვით". - აღნიშნავს პროკოპენკო.

პროკოპენკოს თქმით, რაც მთავარია, უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად წინაურდება და ანადგურებს მტერს, ასევე, ათავისუფლებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.

"ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც, რათა ეს პროცესი [ტერიტორიების გათავისუფლება] დავაჩქაროთ და ომი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ". - დასძენს პროკოპენკო.

პროკოპენკოსთან ერთად, აზოვის ვიცემეთაურმა სვიატოსლავ პალამარმაც აღნიშნა, რომ მებრძოლები ფრონტის ხაზზე დაბრუნდებიან.

"ჩვენ სამხედროები ვართ, ფიცი დავდეთ". - ამბობს პალამარი.

მანამდე, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვსტალის მცველების უკრაინაში დაბრუნებით თურქეთმა და უკრაინამ შეთანხმების პირობები დაარღვიეს. პესკოვის განმარტებით, შეთანხმება გულისხმობდა, რომ აზოვსტალის მცველები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყვნენ. 

აზოვსტალის მცველების ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ივლისს გაავრცელა.

აზოვსტალის მცველთა ნაწილი 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან. ისინი ამ დრომე თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები