ბათუმი

შსს: ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი ვიპოვეთ - დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ზღვაში - ნაპირიდან დაახლოებით ორ კილომეტრში გაუჩინარებული 2007 წელს დაბადებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, დაკავებულია სამი ადამიანი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ.

უწყება ასევე წერს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს - ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

"გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს. - მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. 

მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. - სთან ერთად სვლა განაგრძო. 

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს". - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები