საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შსს დააჯარიმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის სამართალდამრღვევად ცნო და მას სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა.  ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს

ორგაიზაციის ცნობით,  საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს.

"კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო "შეტყობინება", რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობდა, ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები."-აღნიშნულია განცხადებაში. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ "კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება". შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.

 

კომენტარები