საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სიმონიშვილი: პრეზიდენტის Euronews-თან ინტერვიუ არ იყო მკაფიო და თამამი, როგორიც წინა ნაბიჯები

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის პარალელურად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, აქციებსა და პრეზიდენტის პოზიციაზე ტაბულა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარეს, ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.  

სიმონიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას უკრაინის საკითხზე დამალვის პოლიტიკა აქვს, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. მისივე თქმით, ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერად აფასებენ, საკმარისი არ არის. 

"როცა საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინას ეხმარება მილიონი ლარით და ანძების განათებით, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სერიოზული. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჩვენ არ გვაქვს ისეთი მყარი ფინანასური მდგომარეობა, როგორიც სხვა ქვეყნებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მმართველები არ გაურბოდნენ მკაცრი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას უკრაინასთან დაკავშირებით. ცალსახად უნდა აფიქსირებდნენ იმას, თუ ვინ არის აგრესორი ამ ომში, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვისმენთ. ვერ ვისმენთ იმასაც, რომ მკაფიო მხარდაჭერას აცხადებდნენ უკრაინასთან მიმარტებით ამ აგრესიაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარეობს. სამწუხაროდ, ის დახმარებები, რომლებზეც მთავრობის მხრიდან იყო საუბარი, რა თქმა უნდა, თუ ეს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საკმარისია, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენი მხრიდან არის საკმარისი". - ამბობს სიმონიშვილი.  

ტაბულას კითხვაზე, თუ რატომ გამოვიდა მიმდინარე ომის პარალელურად რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე ხალხი, ნიკა სიმონიშვილი პასუხობს, რომ მიზეზი მთავრობის მიერ უკრაინის საკითხზე მკაფიო პოზიციის არდაფიქსირება, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის "მოღალატეობრივი განცხადებები" და სოლიდარობის გამოცხადების სურვილი იყო - "ხალხმა ქვეყნის სათქმელი მთავრობის მაგივრად თქვა". 

"ერთი მიზეზი არის ის, რა სამარცხვინო პოზიციაც ჰქონდა ხელისუფლებას უკრაინასთან დაკავშირებით - პოზიციის მკაფიოდ არდაფიქსირება იყო ძალიან დიდი პრობლემა. მეორე იყო, რაც დაფიქსირდა პრემიერის მხრიდან და, უბრალოდ, სამარცხვინო იყო და მოღალატეობრივი განცხადება იყო. ხალხმა თქვა ქვეყნის სათქმელი მთავრობის მაგივრად, თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ჩვენს მთავრობას და მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი მოქალაქეების მისამართით". - ამბობს ის. 

ტაბულამ სიმონიშვილს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუზეც ჰკითხა - ზურაბიშვილი Euronews-თან საუბარში ამტკიცებს, რომ მთავრობა უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ქართველი ხალხი აქციაზე მთავრობისადმი უკმაყოფილებას არ გამოუყვანია, ის ფრუსტრირებული არ არის. 

"პრეზიდენტის მანამდელი პოზიციონირება უფრო მეტად მკაცრი, მკაფიო და სწორი იყო. პრეზიდენტის ეს განცხადება არ იყო ისეთივე მკაფიო და თამამი, როგორიც მისი წინა ნაბიჯები. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მხრიდან იმ განცხადებებისა და მოქმედებების შემდეგ, რომლებიც ჩვენ ვნახეთ და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მნიშვნელობანი იყო, ასეთი განცხადება პრეზიდენტს არ უნდა გაეკეთებინა და, რა თქმა უნდა, რეალობასთან შესაბამისი არ არის. 

ადამიანები, რომლებიც იქ იდგნენ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყვნენ ხელისუფლების არასაკმარისი ნაბიჯებით და, მეტიც, უღირსი ნაბიჯებით". - ამბობს ის.  

მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებად მოიხსენიებს - ტაბულას კითხვაზე, თუ რატომ იქცევა ოცნება ასე და რას ხედავს ამ მიდგომაში მისთვის სასარგებლოს, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ  

"ქართულ ოცნებას აქვს ძალიან მარტივი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით - ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის არის გათანაბრებული მტრობასთან, მოიხსენიებენ ნაცებად და ეს არის იმ ზიზღის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მათ, სამწუხაროდ, აქვთ. 

განსხვავებული აზრის მტრულად წარმოჩენით, რა თქმა უნდა, ცდილობს, მოსახლეობას დაანახოს, რომ არა ის დგამს არასწორ ნაბიჯებს, არამედ მას უბრალოდ ებრძვიან, ჰყავს მტრები და ეს მტრები მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის აკეთებენ ყველაფერს. მისთვის ხელსაყრელია, პოლიტიკურ პოლარიზაციაში ჩაითრიოს ის დამოუკიდებელი პირებიც, რომლებიც ობიექტურად ვაფასებთ მიმდინარე მოვლენებს". - ამბობს სიმონიშვილი. 

ტაბულამ ნიკა სიმონიშვილს ჰკითხა, რამდენად რეალისტური ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება, რომ ქართულ ოცნებას გაემიჯნოს. 

"მე გამიჭირდება, ეს შევაფასო და ეს ჩემს კომპეტენციას გასცდება. ამიტომ, ალბათ, ამის შეფასება უკვე როგორც პოსტ-ფაქტუმ შეგვეძლება. ამ ეტაპისთვის პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება, არ ვფიქრობ, რომ ჩემგან სწორი იქნება, ან შეიძლება, სწორი პროგნოზი გავაკეთო". - ამბობს ის.  

კომენტარები