პირდაპირი ფრენები რუსეთთან

სანქცირებული გაიაშვილი ფიქრობს, რომ ზელენსკი ქართულმა ოპოზიციამ შეიყვანა შეცდომაში

კომერსანტი

Georgian Airways-ის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი უკრაინის მიერ მისი და კომპანიის დასანქცირებას ეხმიანება და ამბობს, რომ ზელენსკი შეცდომაში ქართულმა ოპოზიციამ შეიყვანა.

"უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდური მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც." - აცხადებს გაიაშვილი. 

მისი თქმით, ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის უფლებამოსილება არ არის.

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ, შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს." - ამბობს გაიაშვილი.

ამასთან, გაიაშვილი ამბობს, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება აბსურდული და უსამართლოა და მას პოლიტიკური სარჩული აქვს.

რაც შემეხება პირადად მე, 2003 წლიდან აღარც "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი ვარ და აღარც გენერალური დირექტორი, მე მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. აქვე მინდა, გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ, მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ ჰკადრებენ. არც მე და არც "ჯორჯიან ეარვეისს" პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია, კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას. დასასრულს, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება." – ნათქვამია თამაზ გაიაშვილის განცხადებაში.


უკრაინამ  ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს 10 წლიანი სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. 

შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

უკრაინამ პერსონალურად დაასანქცირა ავაიაკომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილიც.

ახალი სანქციების პაკეტი შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ქარხნებსა და კომპანიებს.


ავიაკომპანია Georgian Airways ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც რუსეთთან ფრენების ნებართვას ითხოვდა. 2023 წლის 20 მაისიდან თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.


გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის მომხრე იყო. გაიაშვილის თქმით, იგი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმებოდა. 

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს

[...] რა საკვირველია, ჩვენ დაინტერესებული ვართ. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ თქვს, თუ შეიძლება რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა, მივცეთ ხალხს არჩევანი". - ამბობდა გაიაშვილი.  

კომენტარები