რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: უკრაინას მეტ ფულს არ მივცემთ, სანამ არ გვეტყვიან, სად წავიდა 70 მილიარდი ევრო

ვიქტორ ორბანი
Olivier Matthys/AFP via Getty Images

უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკომისიის გეგმას უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ისაუბრა.

"ერთი რამ ცხადია, ჩვენ, უნგრელები უკრაინას მეტ ფულს არ მივცემთ, სანამ არ გვეტყვიან, სად წავიდა მანამდე გაცემული 70 მილიარდი ევრო. წელიწადნახევარი გავიდა, შედეგი არის ნულოვანი, თუნდაც უარყოფითი. ჩვენ ვერ დავარაცხეთ რუსეთი, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ადგილზეა, რუსეთის ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს. მაღალი ინფლაცია გვაქვს, უკრაინელების მხარდასაჭერად ფული აღარ გვაქვს. ევროკავშირმა შესაძლებლობების ლიმიტს მიაღწია. ევროკავშირის ბიუჯეტში ფული არ არის. სად წავიდა ფული? ვფიქრობთ, პასუხი ვიცით, ის სადღაც უკრაინაშია. სად არის უნგრელების ფული? სად არის პოლონელების ფული? უკრაინაში. მათ ის ომისთვის გასცეს, რომელიც არ უნდა მომხდარიყო". - თქვა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის შეფასებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკიდურესად აღმაშფოთებელია და აბსურდულია ის, რომ უნგრეთმა მეტი ფული უნდა შეიტანოს ევროკავშირში სესხისთვის ვალის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად.

"ჩვენ ვთვლით, რომ უკიდურესად აღმაშფოთებელია და აბსურდულია, რომ ჩვენ მეტი ფული უნდა შევიტანოთ სესხისთვის ვალის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად, საიდანაც ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია ის თანხები, რაც გვეკუთვნის". - თქვა ორბანმა.

გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, თუ ევროკავშირი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამიტომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი დაიღუპება.

კომენტარები