NATO

POLITICO: სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩება

იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩება. ამის შესახებ გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ალიანსში ამასთან დაკავშირებით კონსესუსი მიღწეულია და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მომავალ კვირაში გავრცელდება. 

გამოცემის განმარტებით, სტოლტენბერგის გენერალური მდივნის პოზიციაზე დარჩენა მოსალოდნელი იყო ვილნიუსის NATO-ს სამიტის წინ, რომელიც ალიანსისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრებაა და სადაც ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზე იქნება გამახვილებული. 

თავად სტოლტენბერგი თვეების მანძილზე აღნიშნავდა, რომ იგი ბრიუსელში დარჩენას აღარ გეგმავდა, ხოლო გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. 

"რაც შემეხება მე, ჩემი პოზიცია არაერთხელ, ცხადად გამოვხატე. არ მსურს ვადის გახანგრძლივება და ეს ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე". - თქვა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ნორვეგიელმა იენს სტოლტენბერგმა თანამდებობა 2014 წლის ოქტომბერში დაიკავა. 2022 წელს სტოლტენბერგი დაკავებული პოსტის დატოვებას და ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას გეგმავდა, თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა.

კომენტარები