საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: პროვოკაცია ხშირად იგეგმება, რომ მედია კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ მოიმართოს

ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტებს ეხმაურება. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში ვკითხულობთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ "პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები".  

განცხადებას სრულად გთავაზობთ: 

"ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს.

პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი.

ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის - პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისაკენ მოწოდებით.

ამ დროს კი საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ, ისევე როგორც ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ვერ აღმოვაჩენთ საზოგადოების შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. ამ ქმედებებიდან და დამოკიდებულებიდან ადვილად მივხვდებით, ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები.

სიცხადისთვის აქვე მოვიყვანთ სტატისტიკას:

ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალები მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ (წლები და რაოდენობა):

2012 - 78

2013 - 136

2014 - 146

2015 - 143

2016 - 91

2017 - 295

2018 - 387

2019 - 1109

2020 - 866

2021 - 1038

2022 - 286

ჯამში: 4557.

ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს"

17 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა პარტია გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. ჯაფარიძემ თვალის არეში დაზიანება მიიღო. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook-მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერდა, რომ ჯაფარიძეს მან სცემა. ამავე დღეს ორკები მიცვივდნენ ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკში და ლექციის ჩაშლა სცადეს. სასტუმროსთან შეკრებილები ისროდნენ კვერცხებს, ქვებსა და საღებავებს.  

20 ივნისს თავს დაესხნენ ლევან ბერძენიშვილსაც - უცნობმა პირმა მას კვერცხები ესროლა, წყალი შეასხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

გუშინ, 27 ივნისს, თავს დაესხნენ ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა – "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". მოგვიანებით, ისევე, როგორც ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შემთხვევაში, Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომ თავდამსხმელი ის არის - "გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა" და მშვილდაძეს სცემა, რადგან "აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს". 

კომენტარები