თავდასხმა ლევან ბერძენიშვილზე

ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს

ტაბულა

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ, წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. მომხდარს ტაბულას ჟურნალისტი შეესწრო. 

უცნობი პირი ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და მოღალატეს უწოდებდა.  

"თავდამსხმელს არ ვიცნობ, მე გამოვედი ლექციიდან, ვაპირებდი წასვლას მეორე ლექციაზე სხვა უნივერსიტეტში. ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა - მოღალატე, ერეკლე, რა თქ,ა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ მოქალაქე [მეუბნებოდა, რომ] უნდა გავჩერდე, უნდა მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. 

ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში და ისიც ისროლა, მართალია, ამაცილა... აღშფოთებულ მოქალაქეებს შემიძლია, ვუთხრა - ივარჯიშეთ, მეგობრებო, კვერცხის სროლაც საქმე არის, მაგასაც რაღაც ოსტატობა სჭირდება.  

ეს არ დამთავრდება, იმიტომ, რომ ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება - ყოველდღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა გირჩი, ახლა იქნება ლევან ბერძენიშვილი, მერე იქნება სხვა... ჩვენ გვეტყვის რომელიღაც ირაკლი კობახიძე, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე, რა უნდა ქნან, როცა მოქალაქე აღშფოთდა წელიწადნახევრის წინ რომ რაღაც ვთქვი, იმაზე. წელიწად ნახევარია, აღშფოთებულია და კვერცხით ჯიბეში დადის მოქალაქე.  

ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე, სხვათა შორის, მეტყველებდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა - ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, დედის გინება იცოდა კარგად, აი, თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილს რომ მოუწონა, კარგი გინება სცოდნიაო, ეს მოქალაქეც ამ მხრივ კარგად იყო მომზადებული". - ამბობს ლევან ბერძენიშვილი მთავართან ინტერვიუში. 

მისი სიტყვებით, არ აპირებს, პოლიციას მიმართოს, რადგან არ ჰგონია, რომ უწყება მის მხარეს იქნება. 

ტაბულა ინფორმაციის მიღებას შსს-ში ცდილობს.  

კომენტარები