კრიმინალი

დააკავეს 3 პირი, რომლებიც დავის გადასაწყვეტად ე.წ. ქურდული გარჩევაში მონაწილეობდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 ადამიანი დააკავეს. ისინი ე.წ. ქურდულ გარჩევაში მონაწილეობდნენ. 

განცხადების მიხედვით, 1972 წელს დაბადებული ა.შ. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრის მიმართვის, ხოლო 2004 წელს დაბადებული გ.შ, მეტსახელად ჩუქჩა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით არიან დაკავებული.   

გამოძიების ვერსიით, მოქალაქემ თანამშრომელთან ფინანსური დავის მოგვარების მიზნით ე.წ. ქურდული სამყაროს წევრს მიმართა, მან კი "ქურდული გარჩევა" მოაწყო. "ქურდული წესით გარჩევისას" კრიმინალურმა ავტორიტეტმა პირს, რომელმაც მას მიმართა, სადაო თანხის ამოწურვამდე მისთვის ყოველთვიურად ფულის გადახდა დააკისრა.

"გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გ.შ.-მ, რომელიც შემდგომ სისტემატურად ახორციელებდა მუქარას მოდავე მხარეზე. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს წევრობისთვის", "ქურდული სამყაროს მიმართვისთვის" და "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების "ქურდული წესებით" გადაწყვეტაში. 

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ". - წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე, მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე, მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები