ქართული ოცნება

თალაკვაძე ო’სალივანზე: ოპოზიცია შეეცდება ვიზიტი რაღაც სენსაციად, სკანდალურად მონათლოს

ქართული ოცნების დეპუტატის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. 

თალაკვაძე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ  ო’სალივანის ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის სენსაციად მონათვლას შეეცდება. 

"საქართველო არ ყოფილა და არც მომავალში არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. შესაბამისად, ყველა ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მიიღებს ფატებს და მიიღებს კონკრეტულ ინფორმაციას, რომ ეს წესები არის დაცული საქართველოში. ამიტომ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობები, რომ ეს ვიზიტი რაღაც სენსაციად მონათლოს, სკანდალურად მონათლოს, მაგრამ ეს არის საქმიანი ვიზიტი და ხელისუფლებას გვექნება საქმიანი პასუხები".- თქვა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან.

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

კომენტარები