რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ში უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ყველა მოკავშირე ემხრობა – ქლევერლი

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს ქლევერლი უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (UCR 2023). 2023 წლის 21 ივნისი
Kirsty Wigglesworth/AP

21 ივნისს ლონდონში დაწყებულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (UCR 2023) სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს ქლევერლიმ თქვა, რომ უკრაინისთვის NATO-ში გასაწევრიანებლად შვედეთისა და ფინეთის მსგავსი სწრაფი გზის მიცემას ყველა მოკავშირე ემხრობა.

ქლევერლის თქმითვე, გაერთიანებული სამეფო წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უკრაინის ალიანსში მიღების ძლიერი მხარდამჭერია.

"ჩვენ ვნახეთ რომ უკრაინა განვითარდა და განვითარდა სწრაფად. იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების [სამიტზე] თქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ბევრი მოთხოვნა უკვე სრულდება. მათი შეიარაღებული ძალების რეფორმა კონფლიქტში ჩართულობის დროს მიმდინარეობს და ვფიქრობ, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ძალიან, ძალიან მხარდამჭერი იქნებოდა წევრობის სამოქმედო გეგმიდან გადასვლისა, იმის აღიარებით, რომ შვედეთისა და ფინეთისთვის გაკეთებული შეთავაზება ამას არ მოითხოვდა". - თქვა ქლევერლიმ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში უფრო ფრთხილი იყო, თუმცა მანაც აღნიშნა, რომ 2008 წლის სამიტის შემდეგ გარემოებები მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ყველა მხარე თანხმდება, რომ ომის დასრულებამდე უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდება, თუმცა ომის შემდეგ NATO-ში გარდაუვალი შესვლის პერსპექტივა კიევისთვის დასავლური კომპანიების დარწმუნების წინაპირობაა, რომ უკრაინის ომისშემდგომი ეკონომიკის აღდგენაში ინვესტიცია ჩადონ.


21 ივნისს ლონდონში დაიწყო უკრაინის აღდგენის კონფერენცია (Ukraine Recovery Conference), რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაუძღვება და რომლის მიზანიც ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებაა. 

კონფერენციას ესწრებიან უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები. ასევე, 38 სახელმწიფოს 400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი.

კომენტარები