მაღაროელების პროტესტი

მინისტრი მაღაროელებზე: ყველაფერი შეთანხმებულია, უახლოეს დღეებში პრობლემა უნდა ამოიწუროს

მთავრობის ადმინისტრაცია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამინისტროს სტრუქტურების ჩართულობით გაფიცულ ჭიათურელ მაღაროელებთან ყველა საკითხი შეთანხმდა და უახლოეს დღეებში პროტესტი უნდა დასრულდეს.

"შრომის უფლებების დაცვა და მედიაცია ჩვენი პასუხისმგებლობაა. შრომის ინსპექციასთან ერთად ჩვენ მედიატორი გვყავს კომპანიას და დასაქმებულებს შორის. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, ბოლო დღეებში არის წარმატებული მოლაპარაკებები, მაქსიმალურად დაუახლოვეთ პოზიციები. 14 მოთხოვნა იყო, პრინციპში, ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში პრობლემა უნდა ამოიწუროს, აღარ უნდა იყოს პროტესტის საფუძველი". – თქვა აზარაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

მეორე მხრივ, პროტესტის დასრულებაზე ჯერ არ საუბრობენ გაფიცული მაღაროელები. ჯორჯიან მანგანეზის 3 000-მდე თანამშრომლის ნაწილი პროტესტს ჭიათურაში, ნაწილი კი თბილისში აგრძელებს.

ჭიათურაში მე-15 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს.

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა, რომელიც შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

ვრცლად მაღაროელების პროტესტის შესახებ წაიკითხეთ ტაბულას სტატია: რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

კომენტარები