ბელარუსი

ბელარუსის შეიარაღებული ძალები ყოველწლიურ სამობილიზაციო წვრთნებს იწყებენ

ალექსანდრ ლუკაშენკო და ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო წარმომადგენლები ბრესტის ოლქში რუს სამხედროებთან შეხვედრის დროს, 2022 წლის 6 იანვარი.
president.gov.by

ბელარუსის შეიარაღებული ძალები ყოველწლიურ 10-დღიან სამობილიზაციო წვრთნებს იწყებენ. ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თქმით, წვრთნების მიზანი რეზერვისტების მობილიზებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მომზადების ხარისხის შეფასებაა. 

ბელარუსში სამხედრო სამსახური სავალდებულოა. წვრთნების დასრულების შემდეგ ახალწვეულები რეზერვისტებად ირიცხებიან. 

ბელარუსი რუსეთს საკუთარი ტერიტორიის უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის წარმოებაში გამოყენების ნებას რთავს. მოკავშირეებმა ერთობლივი წვრთნები არაერთხელ გამართეს. რუსეთი ბელარუსის სამხედრო ბაზებს რუსული სამხედრო ძალების წვრთნებისთვისაც იყენებს.  

25 მაისს, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს, თუმცა ბირთვულ იარაღს ბელარუსს არ გადასცემს და კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ხელში იქნება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "მომავალში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის".

კომენტარები