ირაკლი კობახიძე

კლინიკაში დაპირისპირებაზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო

კლინიკაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაწიყო.

თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი სტუდენტი ამბობდა, რომ მასთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 2 პირი მივიდა, მათგან ერთი, რომელიც დაემუქრა, რომ ესროდა, ნასვამი იყო.

კლინიკაში მისული პირი პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს - როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ადგილს განარიდეს. 

შსს-ში ტაბულას რამდენჯერმე დაუზუსტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

"შიდა სააუდიტორიო სივრცეში შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი. მანამდე ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს არჩევდნენ, მერე გამოვიდნენ აუდიტორიიდან, პლაკატები წაგვართვეს. 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა. კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო, ემრე მოვიდა დაცვა, უკვე რომ გვცემეს და გამოგვათრიეს იქიდან. 

ესენი სტუდენტები არ არის, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი, რომ ასეთ შემთხვევაში [დაგვიპირისპირდნენ]". - ამბობს სტუდენტი.   

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კობახიძეს  რუბლები დააყარეს. საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ პერფორმანსის ორგანიზატორებს "ორიენტაცია აქვთ არეული". მისივე სიტყვებით, "საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები კი დაქორწინდნენ". 

კომენტარები