აშშ-ირანი

ბლინკენი: აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე გავრცელებული ცნობები არაზუსტია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო 16 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და ირანში აშშ-ს მოქალაქეების გათავისუფლების შეთანხმებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს

"რაც შეეხება ირანს, ზოგიერთი ცნობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბირთვულ საკითხზე შეთანხმების ან ირანში ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, უბრალოდ არაზუსტია და სიმართლეს არ შეესაბამება". - აღნიშნა ბლინკენმა.

ამასთანავე, 12 ივნისს თეირანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ომანის შუამავლობით ბირთვული საკითხების, აშშ-ს სანქციებისა და დაკავებულების შესახებ აწარმოებს.

ამან კი გამოიწვია ცნობების გავრცელება იმის შესახებ, რომ თეირანი და ვაშინგტონი, რომლებიც წლების მანძილზე პირდაპირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ, შესაძლოა ოფიციალურ შეთანხმებას აფორმებდნენ.

ირანში, სულ მცირე, აშშ-ს სამი მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის ბიზნესმენი სიამაკ ნამაზი, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში დააკავეს და ჯაშუშობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები