ირაკლი კობახიძე

"მითხრა, გესვრიო, ნასვამი იყო" – დააკავეს პირი, რომელიც კლინიკაში თსუ-ს სტუდენტს ემუქრებოდა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

დააკავეს პირი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ლუკა შველიძეს კლინიკაში ემუქრებოდა.  

დაკავების ამსახველი ვიდეო მედიაში ვრცელდება - ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ, 

როგორც სტუდენტი ამბობს, თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მასთან კლინიკაში მივიდა შეიარაღებული პირი, რომელიც მისი ვინაობის გარკვევას ცდილობდა და ემუქრებოდა.

"ორი ადამიანი იყო შემოსული, სახეს ყველანაირად მალავდნენ. კართან ახლოს ვიწექი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვიყავი და პირველად იკითხეს, ლუკა შველიძე რომელიაო. რომ დაიწყეს პირადი მონაცემების კითხვა, ვკითხე, ვინ ხართ და რატომ იღებთ ჩემს პირად მონაცემებს-მეთქი. რომ ეთქვათ, პოლიციის თანამშრომლები ვართო, ჩემთვის გასაგები იქნებოდა. მითხრეს, არაფერი არ ხდება, სხვა რაღაცას ვაკეთებთ და მიდიოდნენ. კათეტერით გამოვეკიდე, რომ გადამეღო, ვინ იყვნენ.  

ჭიდაობა რომ წავიდა, იარაღისკენ წაიღო ხელი, ამ დროს მომიწია ფიზიკურად მისი შეჩერება, იმიტომ, რომ დედაჩემი და დეიდაჩემი იყვნენ აქ. მომიწია, რომ ხელები მომეკიდებინა მაისურზე, რათა არ გამეშვა. დაიმუქრა, გესვრი, ხელს თუ არ გამიშვებ, დაგაკავებ, თუ არ გამიშვებო. სახელს და გვარს არ ამბობდა.  

თუ სამართალდამცავი იყო, რატომ იყო მოსული სამოქალაქო ფორმით? რატომ იყო მთვრალი? 2-3 მეტრის რადიუსში სასმლის სუნი ჰქონდა". - ამბობს სტუდენტი ფორმულასთან ინტერვიუში.  

განახლება: კლინიკაში მისული პირი პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს - როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ადგილს განარიდეს და არ დაუკავებიათ. 

ტაბულას ინფორმაციით, უწყებამ გამოძიება დაიწყო თსუ-ს სტუდენტის წინააღმდეგ, რომელიც უნივერსიტეტში დაპირისპირების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. სტუდენტი ამბობდა, რომ მასთან 2 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მივიდა, მათგან ერთი, რომელიც დაემუქრა, რომ ესროდა, ნასვამი იყო. ტაბულას ინფორმაციით, უწყებამ გამოძიება ამ პირის, მათი განმარტებით, გამომძიებლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო. 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები