ირაკლი კობახიძე

თსუ-ს სტუდენტი: საავადმყოფოში გამომიგზავნეს იარაღიანი პირები, ჩემს მონაცემებს კითხულობდნენ

თსუ-ს სტუდენტი, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საავადმყოფოში გამოუგზავნეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული იარაღიანი პირები, რომლებმაც სტუდენტს პირადი მონაცემები ჰკითხეს.

"საპროტესტო აქციას ვმართავდი და დამესივნენ კობახიძის ახალგაზრდული ფრთის და კობახიძის წარმომადგენლის ბავშვები. შეუძლოდ ვიგრძენი თავი იმიტომ, რომ თავში იყო ნარტყამი ბოთლები, წიხლები, მუშტები. გადმომიყვანეს საავადმყოფოში. მოდის ორი პიროვნება და ჩემს პირად მონაცემებს კითხულობს. ვკითხულობ, რომ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, იმიტომ, რომ სამოქალაქო ფორმით არიან მოსულები, ვკითხულობ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და გარბიან. გამოვეკიდე, წამოდგომა მომიწია და იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია.

ამ საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა და ახლა ამათ უნდათ, რომ ვენდო. იარაღიანი პიროვნებები გამომიგზავნეს აქ და რომ არ გამოვსულიყავი და არ შემეჩერებინა, პოლიცია ვერ გადაიყვანდა. რატომ არის ახლა დაკავებული, თუ პოლიციელი იყო? რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში მოსული და რატომ იყო ნასვამი? ასე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას? ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ?" - ამბობს თსუ-ს სტუდენტი.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

"შიდა სააუდიტორიო სივრცეში შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი. მანამდე ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს არჩევდნენ, მერე გამოვიდნენ აუდიტორიიდან, პლაკატები წაგვართვეს. 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა. კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო, ემრე მოვიდა დაცვა, უკვე რომ გვცემეს და გამოგვათრიეს იქიდან. 

ესენი სტუდენტები არ არის, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი, რომ ასეთ შემთხვევაში [დაგვიპირისპირდნენ]". - ამბობს სტუდენტი.   

ტაბულა შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს. 

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კობახიძეს  რუბლები დააყარეს. საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ პერფორმანსის ორგანიზატორებს "ორიენტაცია აქვთ არეული". მისივე სიტყვებით, "საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები კი დაქორწინდნენ". 

კომენტარები