სტიქია გურჯაანში

ლევან ხაბეიშვილს გურჯაანი დილიდან "პირად კონტროლზე" აჰყავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს გურჯაანში, სტიქიის ზონაში ჩასვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხვალ დილიდან გურჯაანს "პირად კონტროლზე" აიყვანს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა მედიასთან ისაუბრა.

"უმძიმესი სიტუაცია აქვს გურჯაანს. ცენტრალური ნაწილი ფაქტობრივად დატბორილია. კომერციულ ფართებში შევიდა წყალი, მათ შორის, სეტყვამ გაუნდაგურა თუკი რამე მოსავალს ელოდებოდნენ. ამას გურჯაანის მერია და გუბერნია ვერ ეყოფა, მთავრობის წარმომადგენლები უნდა დაეწყონ და ჩამოვიდნენ აქ. მოვუწოდებ სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოს თანხა, დღესვე დაიწყოს მოსახლეობის ზიანის აღწერა, მათ შორის, თანხობრივი ზიანის, ინფრასტრუქტურა ძალიან სწრაფად უნდა გაიმართოს. ჩვენ ადგილზე ჩამოვედით ვათვალიერებთ, ასევე შევთავაზეთ ფიზიკური შრომა – რამდენიმე ათეული ადამიანი ვართ აქ მობილიზებული და შეგვიძლია გაწმენდით სამუშაოებშიც მივეხმაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი ვალდებულებაა. ხვალ დილიდან მე პირადად ვაპირებ, პირად კონტროლზე ავიყვანო ეს საქმე, სანამ ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული". - თქვა ხაბეიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გურჯაანიდან ათობით შეტყობინება მიიღეს. სტიქიის ადგილზე მაშველები მუშაობენ, სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკაც. 

გურჯაანში სტიქიას ებრძვიან - ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. როგორც ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, წყალმა წაიღო მანქანები და საოჯახო ნივთები, დატბორილია სახლები. ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები