საქსტატი

I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა – საქსტატი

georgicatravel.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის I კვარტლის ადგილობრივი ტურიზმის მონაცემებს აქვეყნებს

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.17 მილიონით განისაზღვრა.

ამავე მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 5.2%-ით. 

საქსტატის გამოქვეყნებული ანგარიშით, მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 621.0 ათასია. ეს მონაცემი კი 0.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, სტატისტისკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-მარტში ვიზიტორების 36.5% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4%-ს შეადგენდა.

ამავე ინფორმაციითვე, ვიზიტორების 32.9% თბილისის მაცხოვრებელია, 17.2% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.2% კი ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 244.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 16.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.4%-ით და 167.9 ლარს შეადგენს.

კომენტარები