ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ბოკერია გრიგორიადისზე: სტატუს-კვოს პირობებში მართლმსაჯულების განხორციელების იმედი არ მაქვს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, ჩვეულებრივი სტატუს-კვოს პირობებში მას მართმსაჯულების განხორციელების იმედი არ აქვს და ერთადერთი , რაც ამ ვითარებას შეცვლის თავად პოლიტიკური ვითარების ცვლილებაა. 

პოლიტიკოსის თქმით, თუკი ბრალდების მხარეს აქვს აქვს რწმენა, რომ ლაზარე დამნაშავეა, მაშინ ისინი სთავაზობენ მათ, რომ გრიგორიადისი მოქალაქეების ჯგუფმა განსაჯოს. "განსაჯოს, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, სინდისმა ერისა და არა ჩინოვნიკისა".- ამბობს ბოკერია. 

"არანაირი იმედი, რომ ჩვეულებრივი სტატუს-კვოს პირობებში ამ სასამართლოში მართლმსაჯულება განხორციელდება, არ მაქვს. მოხარული ვიქნები, თუ უცებ შევცდები, მარგამ ახლა ამის საფუძველი არ გვაქვს. ამიტომ გვგონია ჩვენ, რომ ერთადერთი, რაც შეცვლის ამ ვითარებას არის პოლიტიკური ვითარების ცვლილება გარეთ და რეჟიმისთვის იმის ჩათვლა, რომ უტიფრად მისჯა იქნება პოლიტიკურად პრობლემა მათთვის. გამოსავალიც ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ამისთვის - კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, ამ მუხლებზე ნაფიც მსაჯულთა გავრცელება. თუ მათ აქქვთ რწმენა -  ბრალდებას, ყველას ვინც ამ ბინძურ კამპანიაში ჩართულია, რომ ეს ადამიანი, ლაზარე დამნაშავეა, ჩვენ ვეუბნებით, რომ განსაჯოს მოქალაქეების ჯგუფმა. განსაჯოს, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, სინდისმა ერისა და არა ჩინოვნიკისა. მაგრამ ესეც, რა თქმა უნდა , არ მოხდება, სანამ პოლიტიკური პრობლემა არ ექნებათ ამ  საკითხზე. ანუ ჩვენთვის, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში და ბევრს სხვა ფაქტორთან ერთად ქვეყანაში,  პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად, აქაც გვაქვს შანსი, რომ ამას მივაღწიოთ. სხვა მხრივ სისტემის იმედი არ გვაქვს და არც წარსული გამოცდილება არ გვაჩვენებს რაიმეს განსხვავებულს".-თქვა ბოკერიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს, 12:00-ზე გაიმართება. 

13 ივნისის სხდომაზე ორი მოწმე გამოკითხეს - პოლიციელი, რომლის მტკიცებითაც, მისი მანქანა დაწვეს და ექსპერტი.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

კომენტარები