რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები: ოკუპანტებმა დონეცკში კაშხალი ააფეთქეს

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების წარმომადგენელი, ვალერი შერშენი Українська правда-სთან საუბარში ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში მდინარე მოკრიე იალიზე მდებარე კაშხალი ააფეთქეს, რამაც მდინარის ორივე ნაპირის დატბორვა გამოიწვია.

"მდინარე მოკრიე იალიზე ოკუპანტებმა ააფეთქეს კაშხალი, რამაც მდინარის ორივე სანაპიროს დატბორვა გამოიწვია. თუმცა, ტავრის მიმართულების თავდაცვის ძალების შეტევით მოქმედებებზე ამას გავლენა არ აქვს". – ამბობს შერშენი.

როგორც შერშენი ამბობს, კაშხლის აფეთქებით  ოკუპანტები ცდილობენ, რომ უკრაინის კონტრიერიშის მოქმდებები შეანელონ.

"თავდაპირველად ოკუპანტებმა ააფეთქეს კარლოვსკოეს წყალსაცავი, შემდეგ კახოვკის ჰესი, შემდეგ ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში აფეთქებდნენ სხვა ჰიდროობიექტებსაც. ზაპოროჟიეს ოლქში ისინი თავდაცვის ძალების მიერ გარღვევას ელიან, ამიტომ, რათა ჩვენი წინსვლა შეანელონ, მათ კვლავ ამ ტაქტიკას მიმართეს, როცა კიდევ ერთხელ ააფეთქეს ჰიდროობიექტი მდინარე მოკრიე იალიზე. თუმცა ეს არ მოქმედებს თავდაცვის ძალების წინსვლაზე". – თქვა შერშენმა.

ამას გარდა შერშენმა აღნიშნა, რომ ტავრის მიმართულებით  თავდაცვის ძალები თავდაცვიდან იერიშზე გადავიდნენ და პირველი შედეგები სოფელი ბლაგოდატნეს გათავისუფლებაზე აისახა.


6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

უკრაინის შსს-ს ცნობით, ჰესის დანგრევას მოყოლილ წყალდიდობას 6 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 11 ივნისისთვის ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულია 3 700 ადამიანი. ამას გარდა, ხერსონის 35 მაცხოვრებელი, მათ შორის 7 ბავშვი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები