საქართველო-ევროკავშირი

კალიურანდი: 12 რეკომენდაციაზე პროგრესი არასრული და ხშირად ზედაპირულია

მარინა კალიურანდი
delfi.ee

"წლების წინ, საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. 12 რეკომენდაციაზე პროგრესი დღეის მდგომარეობით არასრული და ხშირად ზედაპირულია". – ამბობს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე. 

კალიურანდის თქმით, დღეს საქართველო უკან ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას რამდენიმე საკვანძო საკითხში. 

"ფაქტია, რომ დღეს, საქართველო უკან ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ საკვანძო საკითხში. ევროპული პარლამენტის წევრები, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან კოლეგები და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ იმის გაგონებით საქართველოს მთავრობისგან და მმართველი პარტიის წევრებისგან ჩვენი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მცდელობის შესახებ. ეს არის პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან და ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს არ გვსურს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. არც ერთ თქვენს მეგობარს არასდროს არ ჰქონდათ სურვილი, კიდევ ერთ სისხლიან ომში ჩაგითრიონ. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი". – ამბობს კალიურანდი. 

ევროპარლამენტარმა ასევე დაასახელა მიზეზები, რის გამოც საქართველო ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას.

"საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უკან არ ჩამორჩება იმიტომ, რომ მისი სამხედროები რუსეთს არ უტევენ სოხუმიდან. არამედ, საქართველო ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს ნაკლებობის გამო. ჩამორჩება ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის გამო. ასევე, დიპლომატების, ევროპული პარლამენტის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამო. ჩამორჩება პოლიციის სისასტიკი მოპყრობის გამო მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უცხოური აგენტების კანონს. ასევე იმიტომ, რომ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში აღნიშნა, რომ LGTBQ უფლებების დაცვისკენ მოწოდება "უმცირესობის ძალადობაა უმრავლესობის წინააღმდეგ". ასევე, რუსეთის მიმართ მმართველი პარტიის ბუნდოვანი პოზიციის გამო, რაც გამოიხატა მთავრობის დაჟინებულ წინააღმდეგობაში, სრულად შეუერთდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და ახლახანს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო". – თქვა კალიურანდიმ. 

კომენტარები