ქართული ოცნება

პრეზიდენტი: ხუციშვილის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა – მთავრობის შანტაჟითაც დადასტურდა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხლიძე ქართლი ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილის ეროვნული ბანკის საქმიანობის დაბრკოლებაში დადანაშაულებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის მდივნის თქმით, ზურაბიშვილი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის სებ-ის საბჭოში წარდგენას მართლაც განიხილავდა, თუმცა კითხვები გააჩინა მისმა დამოუკიდებლობამ.

"საქართველოს პრეზიდენტი მის [ლაშა ხუციშვილის] კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით.

ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება. რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან". – თქვა მსხლიძემ პირველი არხის ცნობით.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება, რადგან ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი კადრი.

"არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი, ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა, პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელი. რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას". – თქვა მსხლიძემ.

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის "მიზანმიმართულად ეროვნული ბანკის ჯეროვანი საქმიანობის დაბრკოლებაში" ადანაშაულებს. მმართველი პარტიის განცხადებით, ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, რითაც ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა ზურაბიშვილმა შეთანხმება დაარღვია.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი "ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო". ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

კომენტარები