ქართული ოცნება

ოცნება: პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის "მიზანმიმართულად ეროვნული ბანკის ჯეროვანი საქმიანობის დაბრკოლებაში" ადანაშაულებს. მმართველი პარტიის განცხადებით, ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, რითაც ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა ზურაბიშვილმა შეთანხმება დაარღვია.

"პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის". – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი "ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო". ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

"მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე". – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის ქმედებების გამო დიდი ხნის განმავლობაში "პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას" და დიპლომატიურ თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირები არ ინიშნებოდნენ.

ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილი ასევე დაადანაშაულა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის შეფერხებაშიც.

კომენტარები