რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ 700 ადამიანის ევაკუირება მოხერხდა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქში 742 ადამიანის ევაკუირება მოხერხდა მას შემდეგ, რაც 6 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

"ჩვენ ვწუხვართ ჩვენი ხალხის გამო, რომლებიც ოლქის დროებით ოკუპირებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე რჩებიან." - ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინსტრი, იგორ კლიმენკო.

სამინისტროს ცნობით, 80-მდე დასახლება, რომელთა უმეტესობა რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, პოტენციური დატბორვის საფთხის ქვეშაა.

"წყალი მოდის. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ გზების ნაწილი ირეცხება, ამიტომ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტამდე მანქანით მისვლა შეუძლებელი ხდება. ევაკუაციის ჯგუფები სხვა გზებს ეძებენ." - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.

უკრაინის რკინიგზა ხელისუფლებას ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციაში ეხმარება.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს.

არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები