რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კომპანია Ukrhydroenergo: კახოვკის ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია, აღდგენა შეუძლებელია

ნოვა-კახოვკის დაზიანებული კაშხალი, ფოტო სატელიტიდან

უკრაინის ჰიდროენერგეტიკის მწარმოებელი კომპანია Ukrhydroenergo რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს

"კახოვკას ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურებულია ტურბინის შიგნიდან აფეთქების შედეგად, სადგურის აღდგენა შეუძლებელია.

წინასწარი პროგნოზები მიუთითებს, რომ წყალსაცავის დაცლა უახლოეს 4 დღეშია მოსალოდნელი". –  აღნიშნულია Ukrhydroenergo-ს განცხადებაში. 

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ სიტუაციის ანალიზს კვლავ განაგრძობენ. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, აფეთქება 6 ივნისს, დაახლოებით 02:30 საათზე მოხდა.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

უკვე გავრცელდა კადრები, რომლებშიც რამდენიმე დატბორილი დასახლება ჩანს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

გავრცელებული კადრებიდან ერთ-ერთი გადაღებულია დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, რომელიც ოკუპირებულია. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ არ ყოფილა სარაკეტო იერიში. კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს წყალქვეშა აფეთქება.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები