კრიმინალი

პოლიციამ რესტორან რეტროს მფლობელი ძალადობის ბრალდებით დააკავა

პოლიციამ ბათუმში რესტორან რეტროს მფლობელი თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-მ თეიმურაზ ვარშანიძის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე 4 ივნისს დაიწყო.

კადრები რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა, მარია ზოიძემ გაავრცელა.

"მე, პირადად, რესტორან რეტროში მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდოPR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს.

[...] გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა". – წერდა მარია ზოიძე.

კომენტარები