ამერიკელი რესპუბლიკელები

საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით მაიკ პენსის წინააღმდეგ გამოძიება დასრულდა – CNN

The Washington Post via Getty Images file

CNN-ის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტმა საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის წინააღმდეგ გამოძიება დაასრულა. იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე პენსს ბრალდებას არ წარუდგენენ. 

"გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, [მაიკ პენსს] სისხლის სამართლის ბრალდებას არ წარუდგენენ". - ნათქვამია წერილში, რომელიც ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ადვოკატმა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტისგან მიიღო. 

მაიკ პენსის სახლში  საიდუმლო დოკუმენტები იანვარში აღმოაჩინეს. ამის შესახებ პენსის ადვოკატი წერდა. მისივე თქმით, დოკუმენტები უკლებლივ FBI-ის გადაეცა. 

ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ადვოკატმა, გრეგ ჯეიკობმა 18 იანვარს ეროვნულ არქივს წერილი მისწერა. ჯეიკობი დოკუმენტების არსებობის შესახებ იუწყებოდა. 22 იანვარს ეროვნული არქივის სახელზე კიდევ ერთი წერილი გაიგზავნა, რომლის მიხედვითაც, FBI-მ ყოფილი ვიცეპრეზიდენტის სახლიდან დოკუმენტები ამოიღო. 

გრეგ ჯეიკობის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის სახლში დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ, სიფრთხილიდან გამომდინარე, პენსმა ადვოკატებს სახლში შენახული დოკუმენტების გადახედვა სთხოვა.

"აღმოჩენილია დოკუმენტების მცირე რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა სენსიტიურ ან საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდეს. ვიცეპრეზიდენტმა პენსმა ისინი დაუყოვნებლივ დაცულ ადგილას, სეიფში გადაიტანა და ელოდება დამატებით მითითებებს ეროვნული არქივისგან". - წერდა ჯეიკობი წერილში. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტები საიდუმლოდ იქნა მიჩნეული, ადვოკატებს მათი შინაარსის შესწავლა აღარ გაუგრძელებიათ. 

22 იანვრის წერილში ნათქვამია, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა სტანდარტული პროცედურების გვერდის ავლით, დაუყოვნებლივ მოითხოვა დოკუმენტების გადაცემა. 

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიას იწყებს და რესპუბლიკელთა პრაიმერში ერთვება. ყოფილი ვიცეპრეზიდენტი უშუალოდ დაუპირისპირდება მის ყოფილ უფროსს, ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. 

კომენტარები